Monday, November 7, 2011

მონატრება

წისქვლის უზარმაზარი, მრგვალი ქვა წრეზე ბრუნავს, გრუხუნებს და სიმინდის მარცვლებს თვალის დახამხებაში ფქვილის პატარა ნამცეცებად აქცევს. იქვე ახლოს, ხის დაბალ სკამზე ბაბუაა ჩამომჯდარი, ისეთზე, იმერულად „ჯორკოს“ რომ ვეძახით. მაღალი, თოვლივით თეთრი თმით, ოდნავ მოღუნული ფართე ცხვირით, გამჭოლი თვალებით, წელში მოხრილი ზის და ყალიონს აბოლებს, თან წისქვილის ქვას თვალს არ აშორებს. ცოტა ხანში კუჭის ტკივილით შეწუხებული მუცელზე ხელს იჭერს, სკამიდან დგება და იქვე მდგარ, რკინის ძველ საწოლზე ინაცვლებს. მეც იქვე ვარ ჩამომჯდარი. წისქვილის ქვა გრუხუნებს, ხმაურში ერთმანეთის არ გვესმის და ყვირილით ლაპარაკზე გადავდივარ. გარეთ, ღამის შუქზე ციცინათელები ანათებენ, ტყიდან კი ტურების გაბმული ყმუილი ისმის. წისქვილის ხის შენობა იქვე, ტყის განაპირას დგას.

ხმაურში რომ გამაგებინოს, ბაბუაც ყვირილითვე მპასუხობს. უკვე მერამდენედ მოყოლილ საქულას და მაქულას ანეკდოტის თქმას ვთხოვ. ისიც კი ვიცი, რომელ სიტყვას რომელი მოსდევს, სად აუწევს და დაუწევს ხმას, მაგრამ მაინც დაჟინებით ვეხვეწები, რომ მომიყვეს. ენის გასატეხებიც ბლომად იცის. „კოკროჭინა“ ბოლოსთვის მოვიტოვეთ. ზღაპრების ასაკიდან თითქოს დიდი ხანია გამოვედი, მაგრამ ათასჯერ მოყოლილი კოკროჭინას ამბავი მაინც არასდროს ძველდება. მისი თხრობა ბაბუასთვის წმინდა რიტუალად ქცეულა. ოქროსთმიანი, ბროწეულისლოყება ბიჭის და ბოროტი დედინაცვლის ამბავი ექვსი შვილიშვილიდან თითოეულმა ზეპირად ვიცით. პირველად ამ ზღაპრიდან გავიგე, რატომ აკეთებენ ღვინოს საწნახელში, რა დანიშნულება აქვს ჭურს, როგორ აცხობენ პურს თონეში, რისთვის გამოიყენება საჩეჩელი... რატომ არსებობენ ბოროტი „დედინაცვლები“ და როგორ ყოველთვის დაამარცხებს ბოროტს კეთილი. არ ვეშვები, ისიც არ იზარებს: იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...- იწყებს ბაბუა მოყოლას და თვითონაც ზღაპრის გმირს ემსგავსება.

გავა წლები. ბაბუას უეცარი დაღუპვიდან გავა იმაზე მეტი დრო, ვიდრე მას ვიცნობდი, მაგრამ ეს სურათი სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩემს მეხსიერებაში. ხშირად მომენატრება არდადეგებზე სოფელში გატარებული უდარდელი, უბრალო, მაგრამ სავსე და ხალისიანი ბავშვობის დღეები... წისქვილში მოყოლილი ამბები... წლები დამაშორებს ბაბუას სახლს, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ლამაზი დღეებით მონიჭებულ სიხარულს გაუთვიცნობიერებლად ვიზიარებდი. საქართველოდან შორს მყოფს, ჩემს სიზმრებში არაერთხელ განმეორდება წისქვილის სცენა.

ჩვენ ისევ ისე ვართ ჩამომჯდარი. ბაბუა ისევ კოკრიჭინას ზღაპარს ყვება. წისქვილის ქვა ისევ ბზრიალებს და სიმინდის მარცვლებს ფქვილის პატარა ნამცეცებად აქცევს.

1 comment:

  1. ase zustad arasodes gamxsenebia babua, ase tvalnatliv arasodes warmomidgenia

    ReplyDelete